Wednesday, April 25, 2012

ეკონომიკა



თურქეთი ეთგო-ს დამფუძნებელი წევრი და ერთ-ერთია G-20 ქვეყანათაგან.
რესპუბლიკის პირველი ექვსი ათწლეულის განმავლობაში (1923-1983), თურქეთი ძირითადად კვაზიეტატიზმის მიმართულებას მიჰყვებოდა ბიუჯეტის მკაცრი სამთავრობო დაგეგმვითა და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებით კერძო სექტორის წილზე, საგარეო ვაჭრობაზე, უცხოური ვალუტის შემოდინებაზე და საგარეო პირდაპირ ინვესტიცეიბზე. თუმცა, 1983 წლიდან თურქეთმა პრემიერ-მინისტრი თურგუთ ოზალის ინიციატივით რეფორმების სერიის განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანი ეკონომიკის უფრო ღია, საბაზრო მოდელზე გადასვლა იყო.[61] რეფორმებს შედეგად სწრაფი ზრდა მოჰყვა, თუმცა მას ხელი შეუშალა 1994-ის, 1999-ის (ეს უკანასკნელი წინა წლით მომხდარ მძლავრ მიწისძვრას მოჰყვა),[62] და 2001 წლების ფინანსურმა კრიზისმა,[63] რისი შედეგიც 1981-2003 წლებში საშუალოდ წლიური 4% მშპ-ის ზრდა მოჰყვა.[64]დამატებითი ფისკალური რეფორმების გაუტარებლობამ, რომელსაც დაემატა მზარდი სახელმწიფო დეფიციტი და მასშტაბური კორუფცია, მაღალი ინფლაცია, შერყეული საბანკო სექტორი და გაზრდილი მაკროეკონომიკური რისკიანობა გამოიწვია.[65]
2001 წლის ეკონომიკური კრიზისისა და იმ პერიოდის ფინანსთა მინისტრი ქემალ დერვიშის მიერ წამოწყებული რეფორმების შედეგად, ინფლაციის დონე ერთნიშნა ციფრებზე ჩამოვიდა, ინვესტორებს იმედი გაუჩნდათ და უცხოური ინვესტიციები მკვეთრად გაიზარდა, რამაც თავის მხრივ უმუშევრობის დონე შეამცირა. სავალუტო ფონდის მონაცემებით 2008 წელს თურქეთის ინფლაციის დონე 6%-ს არ აღემატებოდა.[66] საგარეო ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მთავრობის კონტროლის შემცირებით და საზოგადოებრივ საკუთრებაში მყოფი საწარმოების პრივატიზაციით თურქეთმა დროთა განმავლობაში საკუთარი ბაზრები გახსნა. ამასთან, მრავალი სექტორის ლიბერალიზაცია დღემდე გრძელდება, მიუხედავად მწვავე პოლიტიკური დებატებისა.[67]
მშპ-ის ზრდის ტემპმა 2002-07 წლებში 7.4% შეადგინა,[68][69] რის გამოც თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გახდა მსოფლიოში ამ პერიოდის განმავლობაში. მსოფლიო ბანკის წინასწარი მონაცემებით თურქეთის მშპ-ის ზრდის ტემპი 2008 წელს 5.4%-ს შეადგენდა.[70] თურქეთის ეკონომიკის დომინანტური დარგი სოფლის მეურნეობა უკვე აღარ არის. ის ჩაანაცვლა დინამიურმა ინდუსტრიულმა კომპლექსებმა ბირთვ ქალაქებში, რომელთა უმრავლესობა ქვეყნის დასავლეთ პროვინციებშია კონცენტრირებული, განვითარებულ მომსახურების სექტორთან ერთად. 2007 წელს სოფლის მეურნეობამ ქვეყნის ეშპ-ის 8,9% შეადგინა, მაშინ როცა ინდუსტრიული სექტორი 30,8%, ხოლო მომსახურების სექტორი 59,3% იყო.[71]
ბოლო ოცი წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი სწრაფად განვითარდა და ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. 2008 წელს ქვეყანა მოინახულა 30,929,192 ტურისტმა, რამაც ქვეყნის ბიუჯეტს $21.9 მილიარდი შესძინა.[72]

თურქეთის ეკონომიკის სხვა ძირითადი სექტორებია საბანკო საქმე, მშენებლობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ელექტრონიკა, ტექსტილი, ნავთობის გადამუშავება და ნავთობპროდუქტები, კვების მრეწველობა, მანქანათ- და ხელსაწყოთმშენებლობა. თურქეთს მზარდი სამანქანათმშენებლო ინდუსტრია აქვს, რომელმაც 2006 წელს 1,024987 ავტომანქანა აწარმოა,[73] რის გამოც ამ წელს ევროპაში სიდიდით მე-6 ავტომწარმოებელი გახდა; გერმანიის (5,819,614), საფრანგეთის (3,174,260), ესპანეთის (2,770,435), გაერთიანებული სამეფოს (1,648,388), და იტალიის (1,211,594) შემდეგ.[74] თურქეთი ასევე ერთ-ერთი წამყვანი გემთმშენებელი ქვეყანაა; 2007 წელს ქვეყანა რანგით მეოთხე იყო (ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის შემდეგ) გემების შეკვეთების რაოდენობის მიხედვით, და ასევე მეოთხე მსოფლიოში (იტალიის, აშშ-ისა და კანადის შემდეგ) მეგა იახტების შეკვეთების რაოდენობით.[75]
ბოლო წლებში ქრონიკულად მაღალი ინფლაციის კონტროლირება მოხერხდა, რის შედეგადაც ახალი ვალუტა ახალი თურქული ლირა შემოიღეს 2005 წლის 1 იანვარს, ეკონომიკური რეფორმებით მიღწეული წარმატებების შედეგების გასამყარებლად.[76] 2009 წლის 1 იანვარს ახალ თურქულ ლირას ხელახლა დაერქვა თურქული ლირა, რის გამოც ახალი ბანკნოტები და მონეტები გამოიცა. 2005 წლისთვის ხანგრძლივი ეკონომიკური რეფორმების შედეგად ინფლაციის დონემ 8.2%-მდე დაიწია, უმუშევრობისამ კი — 10.3%-მდე.[77] 2004 წელს სრული დახარჯვადი შემოსავლების 46,2% მიიღო შემოსავლების ზედა 20% მიმღებმა ჯგუფმა, მაშინ როცა ქვედა 20% ჯგუფმა 6% მიიღო.[78]
თურქეთმა მნიშვნელოვნად ისარგებლა საბაჟო კავშირით ევროკავშირთან, რომელსაც სელი 1995 წელს მოეწერა, რამაც ხელი შეუწყო მისი საექსპორტო ინდუსტრიული წარმოების ზრდასა და ევროკავშირის ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვას.[79] 2005 წელს ექსპორტმა $73,5 მილიარდი შეადგინა, ხოლო იმპორტმა $116,8 მილიარდი, რაც 2004 წელთან შედარებით 16.3% და 19.7%-ით გაიზარდა, შესაბამისად.[80] 2006 წლისთვის ექსპორტმა უკვე $85,8 მილიარდი შეადგინა, რაც 2005 წელთან შედარებით 16,8%-ით მაღალია.[81] 2007 წელს ექსპორტმა $115,3 მილიარდს მიაღწია[71] (მთავარი საექსპორტო პარტნიორები: გერმანია 11.2%, გაერთ. სამეფო 8%, იტალია 6.95%, საფრანგეთი 5.6%, ესპანეთუ 4.3%, აშშ 3.88%; სულ ევროკავშირის ექსპორტი 56.5%.) თუმცა, იმპორტმა ამასთან დაახ. $162,1 მილიარდს მიაღწია,[71] რაც სავაჭრო ბალანს საშიშროებას უქმნის (მთავარი საიმპორტო პარტნიორები: რუსეთი 13.8%, გერმანია 10.3%, ჩინეთი 7.8%, იტალია 6%, აშშ 4.8%, საფრანგეთი 4.6%, ირანი 3.9%, გაერთ. სამეფო 3.2%; სულ ევროკავშირზე 40.4%; სულ აზიაზე 27%).[82][83]
წლების განმავლობაში დაბალი უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებლის შემდეგ, 2007 წელს თურქეთმა შეძლო $21,9 მილიარდის მოზიდვა.[84]მსხვილმასშტაბიანი პრივატიზების სერიამ, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკეთბი განპირობებულმა სტაბულურობამ, სტაბილურმა ზრდის ტემპმა და სტრუქტურულმა ცვლილებებმა საბანკო, საცალო ვაჭრობისა და სატელეკომუნიკაციო სექტორებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.[67]

No comments:

Post a Comment